15/05/2023 19:32
2020-ში, "ნასამ" მთვარეზე წყლის არსებობა დაადასტურა და ინფორმაცია საჯაროც გახადა.
მართალია, მთვარეზე წყლის არსებობაზე მანამდეც ვიცოდით, თუმცა მხოლოდ ბნელ კრატერებში და ისიც პოლუსებზე.
- როგორ შეიძლება მთვარის ზედაპირიდან წყლის მიღება?
- როგორი გემო ექნება?
- რა გავლენას მოახდენს იგი თქვენს ორგანიზმზე?
- და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი კოსმოსური კვლევების მომავლისთვის?
უახლოეს მომავალში, მთვარის წყლით დედამიწის წყლის ჩანაცვლება შეიძლება გავრცელებული პრაქტიკა გახდეს, ოღონდ მთვარეზე ყოფნისას.
2020 წელს ცნობილი გახდა, რომ მთვარის ზედაპირზე კიდევ უფრო მეტი წყალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ დღეს იგი შეიძლება გახდეს მთვარის კოლონიზაციისა და ეკონომიკის საფუძველი.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მთვარეზე გაცილებით ნაკლები წყალია, ვიდრე დედამიწაზე.
მთვარის ზედაპირზე მიმოფანტული ერთი კუბური მეტრი ნიადაგი შეიცავს მხოლოდ 0,1–0,4 ლიტრ წყალს.
ეს დაახლოებით იგივეა, რაც 330 მილილიტრიანი წყლის ბოთლი.
საჰარას უდაბნოშიც კი, დაახლოებით, 100-ჯერ მეტი წყალია ვიდრე მთვარეზე.
თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ მთვარის წყლის მოპოვება შედარებით ადვილი უნდა იყოს.
ამ ტიპის წყლის მოსაპოვებლად, ზედაპირზე ღრმა ჭაბურღილი არ არის საჭირო.
მაგრამ, გვაქვს ნაკლებად სასიამოვნო ამბავიც: მოპოვება ძალიან ძვირი იქნება.
დადგენილია, რომ მთვარეზე 1 ტონა წყლის მოპოვება და დამუშავება შესაძლებელია დაახლოებით 500 000 დოლარად.
ეს ნიშნავს, რომ შხაპისთვის საჭირო წყლის რაოდენობა 39 000 დოლარი დაჯდება.
ხოლო, დღეში ერთი ადამიანისთვის საჭირო სასმელი წყლის ღირებულება დაახლოებით $2000 იქნება.
რაც არ უნდა ძვირად ჟღერდეს, დედამიწიდან წყლის ტრანსპორტირება დაახლოებით 20-ჯერ ძვირი ჯდება, ასე რომ, მთლად ცუდადაც არ არის საქმე.
თუ ოდესმე გაგიმართლებთ და მთვარის ბაზაზე მოხვდებით, დიდი ალბათობით, მთვარის წყლის დალევაც მოგიწევთ.
ერთი ჭიქა მთვარის წყალს, სავარაუდოდ, ისეთივე გემო იქნება, როგორც მლაშე წყალს.
რა მოხდება თუ გადაუმუშავებელ წყალს მივიღებთ?
მთვარის წყალი შეიძლება შეიცავდეს მეტალებს, როგორებიცაა ვერცხლისწყალი, მაგნიუმი და ნატრიუმი.
თითოეულმა ამ ელემენტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
პირველ რიგში, ვერცხლისწყალი განვიხილოთ.
ვერცხლისწყლის მცირე რაოდენობა შეიძლება მოიძებნოს საკვების რამდენიმე წყაროშიც და არ ჰქონდეს გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ მუდმივად მაღალი დოზების მიღება საშიში იქნება.
ვერცხლისწყლით მოწამვლა ასოცირდება კოგნიტურ პრობლემებთან და სიმპტომები ძალიან ჰგავს ალცჰაიმერისა და დემენციის სიმპტომებს.
შემდეგი არის მაგნიუმი.
ხშირად, ეს ელემენტი საფაღარათო საშუალებების მთავარი ინგრედიენტია და ალბათ, მიხვდებით სადამდე მიგვიყვანს იგი.
თირკმელებმა უნდა გამოდევნონ მაგნიუმი, რომელიც თქვენს ორგანიზმს არაფერში სჭირდება.
თუმცა, თუ ორგანიზმი სავსეა ამ ელემენტით, შეიძლება განიცადოთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ღებინება, დიარეა და, უკიდურეს შემთხვევაში, გულის გაჩერება.
და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საკმარისად შემაშფოთებლად არ ჟღერს, გეტყვით, რომ მთვარის წყალი ასევე შეიძლება შეიცავდეს ნატრიუმის მაღალ დოზას.
ამან შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, თუმცა წყლის ყოველდღე მიღების შემთხვევაში.
ახლა კი, მოდით შევხედოთ რეალური თვალსაზრისით.
თუ ჩვენ გვაქვს მთვარეზე მისასვლელად და ზედაპირიდან წყლის ამოსაღებად საჭირო ტექნოლოგია, მაშინ ნამდვილად შეგვიძლია გამოვნახოთ საშუალება, რომელიც ამ წყალს გაფილტრავს კიდეც.
ასე რომ, შესაძლოა, მთვარის ასტრონავტებს დასალევი წყლის სტაბილური მარაგის გარდა, რაკეტის საწვავიც ჰქონდეთ, თუ, რა თქმა უნდა, H2O-ს წყალბადად და ჟანგბადად დაყოფენ.
ავტორი: გიორგი დადვანი
მომზადებულია Futurism-ზე და What If-ზე დაყრდნობით.
მთავარი გამოსახულება: MIT Technology Review